8 თებერვლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, N301 და N51 ავტობუსების მარშრუტები იცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. მერია აცხადებს, რომ ამ ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება.
N301 მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე;თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით;ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც: 8 თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში.
„შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით“, - წერია მერიის ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, მგზავრთნაკადებზე დაკვირვებისა და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად:
„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით“.