საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან: რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორთან მაიკლ ზიბერტთან, საქართველოს საქმეთა სამმართველოს უფროსთან დოროტა დლუჩსთან და საქართველოსთან ურთიერთობის ოფიცერთან ფრანჩესკა კარდონასთან.
„ბრიუსელში ვხვდები ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც მუშაობს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საკითხზე. მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, რჩება მათ მთავარ პარტნიორად და ჩვენი ოფისის შეფასებები თუ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვანია.
ამავე დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ პოლარიზაცია ძალიან უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ახლა, როცა მოახლოებულია გადაწყვეტილების მიღების დრო, ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ხელისუფლებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ - გადადგან ნაბიჯები და დავანახოთ ევროკავშირს, რომ შეგვიძლია მოლაპარაკებები. სახალხო დამცველი აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებისა და მედიაციის პროცესში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.