საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას

საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილმა საქართველოსთან რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი.

გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, - განაცხადა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში, ბერლინში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა.

 სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.


 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.