ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამორთმეული რუსული ქონების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ უკრაინის საჭიროებებს, რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის აქტივები მოხმარდება.
გადაწყვეტილება შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა მერიკ გარლანდმა მიიღო.
აშშ-ში კონსტანტინ მალოფეევის აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევის გამო. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ მალოფეევი 2022 წელს დაადანაშაულა ყირიმში სეპარატისტული განწყობების გამღვივებელი რუსების ფინანსურ მხარდაჭერაში. კონფისკაცია შეეხო მილიონობით დოლარს, რომელიც მალოფეევს ერთ-ერთ ამერიკულ ბანკში ჰქონდა.
კონსტანტინ მალოფეევი „როსტელეკომის“ აქციების და ტელეკომპანია „ცარიგრადის“ მფლობელია. რუსეთის ეკლესიასთან დაახლოებული მალოფეევი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „რუსული სამყაროს“ კონცეფციის მიმდევრებს აფინანსებს.