სენატორები: საქართველო გზაჯვარედინზეა და მისი დემოკრატიის წარმატება აშშ-ის ინტერესებში შედის

საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. ამის შესახებ ამერიკის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა განაცხადეს, რომლებმაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის.

„საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს, ადმინისტრაციას ვთხოვოთ საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, - აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი.

სენატორები დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციას უკავშირებენ იმას, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ.


წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და მისი დაჩქარების მცდელობა [პარლამენტის მიერ], გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის მიმანიშნებელი შემაშფოთებელი ნიშანია.

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად.

სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NDI) ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის ქონას სთხოვენ.