„ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. პარტიისთავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პატია „ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი, 2015 წლიდან იყო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ „ევროპის სოციალისტურ პარტიას" დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება.
"მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი და "ევროპის სოციალისტურ პარტიასთან" დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც "ევროპის სოციალისტურ პარტიას" დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება“, - განაცხადა კობახიძემ.
უფრო ადრე, ურთიერთობის გადახედვასა და შესაძლო გარიცხვაზე, თავად ევროპელმა სოციალისტებმა განაცხადეს. მათი უკმაყოფილება, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას უკავშირდებოდა.
„ევროპის სოციალისტური პარტია დაგვემუქრა გარიცხვით, ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო“, - განაცხადა 11 მაისს კობახიძემ.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.
„ევროპელი სოციალისტების პარტიამ“, რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო კონფერენციაში.