შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო

შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო. უწყების ცნობით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.

„წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.