ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი ამერიკიდანაც

„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, სხვა რეისები, მათ შორის ამერიკიდან პირდაპირი რეისები გახსნან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან.

„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან სხვა პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, ჩინეთში და ა.შ.“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, რომლებსაც მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ შორის არის ზესახელმწიფო ჩინეთი და თურქეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და მეზობელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთი არის NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს.

„ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მათლაც მისაბაძი ქვეყანა, ძალიან ბევრი მიმართულებით. ისინი ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან. და სამეზობლოში - აზერბაიჯანი და სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო.