ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა.
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყება, უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ესტუმრება.
„ჩინეთის წარმომადგენლების აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტი არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.
ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.
დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.