სააკაშვილს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს - ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა.

„მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მას მიეწოდოს ყველა ის მომსახურება პენიტენციური დაწესებულებების ფარგლებში, რასაც ის საჭიროებს. ის საჭიროებს მკურნალობას, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, მას რაიმე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ის ვერ იღებდეს, ამაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას.

აი, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მას პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა, ეშიმშილა, კარგად იციან თვითონაც, ვინც მას უქმნის ცრუ მოლოდინებს, თუკი დაიკლებს წონაში, გაიუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იქნება ათასი სხვაგვარი სიმულაცია, ის მოიპოვებს თავისუფლებას. ნახეთ, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო მისი სარჩელი და ასევე, სტრასბურგშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

მოვუწოდებ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის მისი გარემოცვა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს და ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც ეუბნებიან ექიმები. არც ექიმების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან, სახელმწიფო კი აკეთებს მაქსიმუმს, მას აქვს შექმნილი ყველა პირობა, რომ იყოს ჯანმრთელად და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.