ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. მისივე თანახმად, 45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს.
„პროექტის მიზანია, რუსეთზე გამავალი სახმელეთო ბოჭკოვანი კომუნიკაციების ტრანზიტზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირება“, - წერს FT.
მისივე თანახმად, 2021 წელს, ევროკავშირი და საქართველო შავი ზღვის ინტერნეტ კაბელის პროექტის აუცილებლობაზე, საქართველოს ციფრული კავშირის გაუმჯობესების მიზნით, ერთობლივად შეთანხმდნენ. თუმცა, უკრაინის ომმა დამატებითი იმპულსი შესძინა პროექტს. გეგმის შესახებ ინფორმირებული ორი ადამიანის თქმით, ბრიტანული Vodafone იკვლევს შავი ზღვის გასწვრივ საკაბელო მარშრუტის განვითარების შესაძლებლობას.
კომპანია იმედოვნებს, რომ კაბელი უკრაინას დააკავშირებს ბულგარეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან, შემდეგ კი, სომხეთამდე, ყაზახეთამდე და აზიის სხვა ქვეყნებამდე მიაღწევს.