შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი - წულუკიანი

ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი და შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყო და თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თვითონ პატიმარი სააკაშვილი. ეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი და შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.