„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენი მკურნალობის სქემა აღიარებულია

ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი აღიარებულია, - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ თქვა, რადგან პირველ რიგში, ეს კლინიკის პრესტიჟია. ეს არის ის, რომ აღიარებული და ობიექტურად იქნა შეფასებული ის, რასაც აკეთებს კლინიკა. ჩვენთვის მთავარი ეს არის. ფაქტია, რომ ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი იქნა აღიარებული, გათვალისწინებული და ჩაითვალა, რომ სააკაშვილს უტარდება ადეკვატური მკურნალობა კლინიკის პირობებში“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.