მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნავს.
- რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
- სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი
„სტრასბურგის სასამართლომ გარდა იმისა, რომ დაადგინა ქართული მხარის კანონიერი ქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე ცხადყო რომ 27 ელჩის „მარში“ თუ „დემარში“ აბსოლუტურად საფუძვლო და უარგუმენტო იყო, რითაც ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მიეცა. მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთან არათუ „დემოკრატიის უკუსვლაა“, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს, რომელიც თავად დასავლეთში დადასტურდა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილით სპეკულაციები მისმა „პოლიტიკურმა მეგობრებმა“ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ, რადგან ის ზიანს აყენებს დემოკრატიასაც, სამართალსაც, სტაბილურობასაც და თავად მიხეილ სააკაშვილსაც“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.