ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოსკოვში ვიზიტისას საქართველო ახსენა

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი, რუსეთში გამართულ შეხვედრებზე წერს და განხილულ საკითხებს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემასაც ასახელებს. ბლოგში, სათაურით - „ჩემი ვიზიტი მოსკოვში და ევროკავშირი-რუსეთის მომავალი ურთიერთობები“, ბორელი წერს:

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სირიისა და ლიბიის კრიზისი ასევე იყო ის საკითხები, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი პრობლემური სამეზობლოს მიმოხილვის დროს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად რჩებიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამ ყველაფრის განხილვისას, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ სრულად უნდა სცეს პატივი ეუთოს ვალდებულებებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას“.