კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავი უნდა დაანებონ სხვისკენ ისრების მიმართვას და პასუხი გასცენ კითხვებს, რომლებიც მათთან დაკავშირებით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
- აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური
- აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
„დღემდე ვიცით ერთი ყველაზე დიდი სკანდალური საქმე, ეს არის კეზერაშვილის ქოლცენტრი, რომლის არსებობა და დანაშაულებრივი ხასიათი რომელიმე ქართულმა მედიამ ან ქართველმა პოლიტიკოსმა კი არ დაადასტურა, არამედ „ბიბისის“ საგამოძიებო ჟურნალისტურმა პროექტმა. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი პროკურატურა სხვა ქვეყნის პროკურორებთან ერთად, მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს, როგორ დანაშაულებრივად და უნამუსოდ გაძარცვეს ევროპელი პენსიონრები კეზერაშვილმა და მისმა ამფსონებმა, უკანონოდ დაეუფლნენ მათ თანხებს.
შესაბამისად, ალბათ კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ვინც ამ ქსელში იყო ჩაბმული, თავი უნდა დაანებონ ისრების სხვისკენ მიმართვას, პასუხი გასცენ მათთან მიმართებით არსებულ სამართლებრივ კითხვებს. ცოტა პასუხისმგებლობა იქონიოს იმ ტელევიზიამაც, რომელიც კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონრებისგან მოპარული ფულით ფინანსდება, როდესაც ცდილობს, სხვა დაადანაშაულოს იმაში, რაც თავად ჩაიდინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.