რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”.

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 11 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული, გიორგი ტერაშვილი 13 მაისს გათავისუფლდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 14 მაისსაც დააკავეს.

საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს უკანონოდ დაკავებული, გიორგი მეგრელიშვილი 15 მაისს გაათავისუფლეს.

ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე 15 მაისსაც დააკავეს.

უკვე დღეს, 16 მაისს კი, საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.