„ვივამედის“ ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია, ეს სიცრუის მანქანა ჩამოიშლება - სააკაშვილი

„ვივამედის“ ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია, არაუშავს, ეს სიცრუის მანქანაც ჩამოიშლება - წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც „ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.

წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.

არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება. შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.