8 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, წმინდა მეფის - დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავით IV აღმაშენებელი საქართველოში 1089-1125 წლებში მეფობდა. ის მეფედ თექვსმეტი წლის ასაკში აკურთხეს. მის სახელს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება.
დავით IV-მ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერა და განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან მრავალი სასწავლებელი დააარსა. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა, თვითონ კი, ხალხს სწავლის სიყვარულის მაგალითს უჩვენებდა.
ახალგაზრდა მეფემ საქართველო ოსმალებისგან მთლიანად გაათავისუფლა. მან ისინი სომხეთიდანაც განდევნა და ოსმალების მონობისგან სომეხთა დედაქალაქი ანისიც გაათავისუფლა. ოსმალები ასევე, განდევნა ყველა მახლობელი ქვეყნიდან. ამიერკავკასიის ქვეყნებმა დავითი მეფეთა მეფედ აღიარეს და ყოველწლიურ ხარკს უხდიდნენ.
დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
აღმაშენებლის სახელს საეკლესიო რეფორმაც უკავშირდება, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად გატარდა. რეფორმის შედეგად, ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები გაკვეთეს და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.
დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან.
მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.