რეალურად, არ არსებობს არცერთი, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის თუ სხვა რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ითხოვს იმ წესის შენარჩუნებას, რომელიც დღეს არის დადგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით განაცხადა.
მან 19 აპრილის შეთანხმება და საარჩევნო კოდექსში არსებული წესი ანომალიებად შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ანომალიის მიზანი საბოტაჟის შექმნა იყო.
„რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად, 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს - ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკოსთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა.
თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.