ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის, იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება.
ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელის სახელმწიფოში და მადლიერება გამოხატა ისრაელის მხარის მიმართ ქართველი პოლიციის ატაშეს მიღებაზე გამოხატული მზაობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში იაკოვ შაბთაიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა, საქართველოსთან განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია და ადგილზე გაეცნო მათი მუშაობის სპეციფიკას.