დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში, - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.
„კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 - პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის ამ პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ.
როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.
„ის, რაც დღეს ჩვენ, პარლამენტში ვნახეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არათუ მზად არის, რომ რეფორმები გაატაროს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს არსებული კლანური მმართველობა ამ სისტემაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მართლმსაჯულების სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ოპოზიციური პარტიები დაეხმარნენ. იმედია, გავიგებთ, თუ ვინ იყვნენ ოპოზიციური პარტიებიდან ის დეპუტატები, რომლებმაც ამ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ჩვენ ვაკვირდებოდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსის პროცესს და კანდიდატების ინდივიდუალურ გასაუბრებებს. ერთი რამ ნათელია, ეს კანდიდატები არ არიან შერჩეულები საბჭოში მათი კრიტიკული, პრინციპული პოზიციის გამო . პირიქით, ისინი შერჩეული არიან ლოიალურობის მიხედვით, ამიტომ, ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე არსებითი შედეგი ექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. პირიქით, კიდევ უფრო მეტად გამყარდება არსებული მანკიერი პრაქტიკები და პრობლემები, რომელიც ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.