შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს. მათ შორის ნარკორეალიზატორები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ისაუბრა.
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პოლიციის მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება საპოლიციო ღონისძიება. დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამ ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია ვიდეო და აუდიო ფაილებში და დევს საქმეში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ მედიასთან.