- ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დამშვიდებისა და მოხიბვლის პოლიტიკა უწოდა რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენას, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს
„ჩაგვრის პირისპირ აღმოჩენისას, რაც თან ახლავს პუტინთან ახლო მოკავშირეობას, ცალსახად ჩანს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, რათა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რომლის აღსადგენად ქართველებმა უდიდესი ძალისხმევა გაიღეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა ჩაგვრის დასრულების შემდეგ.
ეს ერთადერთი არჩევანია საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ერთადერთი არჩევანია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში და დაახლოებით, 75% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში წევრობას.
მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის მხრიდან, რომელიც შექმნილია ადამიანების დასაშინებლად, რომ რუსეთი სამაგიეროს გადაუხდის თუ საქართველო გააგრძელებს სვლას თავისი ევროპული მომავლისკენ. სავარაუდოდ, დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის მოხსნას, ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „მოხიბვლის პოლიტიკას“ კრემლის მხრიდან, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და სცადოს, მოაშოროს საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
„საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ისტორია სავსეა დარღვეული დაპირებებით და დამამცირებელი ზეწოლით, ეს მოგონებები შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს, რათა დაიცვას ის კრემლის უკანასკნელი მცდელობისგან, დახიოს საქართველო უკან, რუსეთის ჩრდილში, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს თავისთავად მოცემულობად - აშშ და ევროკავშირი უნდა იდგნენ მტკიცედ საქართველოს გვერდით, როგორც ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - აღნიშნა ელჩმა.
ელჩის თქმით, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დათესოს შიში და პარანოია, დასავლური სამყაროს საუკეთესო იარაღი, რომლითაც შეიძლება ის დაუპირისპირდეს რუსეთის გავლენას, არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, სწორედ ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ერთ დროს რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებსა და საბჭოთა რეპრესიებს და ახლა კვლავ ქართველი ხალხი დაუპირისპირდება რუსეთის ახალ იმპერიალისტურ მცდელობებს.
„მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ძირი გამოუთხაროს ამერიკის ურთიერთობას ქართველ ხალხთან, ჩვენ და ჩვენი ქართველი პარტნიორები ვრჩებით ერთგულები ჩვენი ერთობლივი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იცავს თავისუფლებას და პატივს სცემს კონსტიტუციურად დაცულ ადამიანის უფლებებს, საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ წარმატებას ამ გზაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის თუ სად მიდის. მათ სურთ, რომ იყვნენ კეთილდღეობის მქონე, დაცული, თავისუფალი ევროპის ნაწილი.
მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, დათესოს შიში და პარანოია, ჩვენი საუკეთესო იარაღი, დავუპირისპირდეთ რუსეთის გავლენას, რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერა. საქართველოს ისტორიის განმავლობაში, სწორედ ქართველი ხალხი იყო, ვინც წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებს, საბჭოთა რეპრესიებს და რუსეთს აგრესიას და საბოლოო ჯამში, სწორედ ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანასკნელ იმპერიალისტურ ამბიციებს. საქართველოს დევიზია, „ძალა ერთობაშია“ - ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქართველებმა რთული გზით ისწავლეს, საუკუნეების განმავლობაში, თუმცა ქართველებმა აჩვენეს, რომ მათ იციან ამ დევიზის მნიშვნელობა 1921 წელს, 1978 წელს, 1989 და 1992 წლებში, მათ აჩვენეს, რომ ამ გამოთქმის მნიშვნელობა ესმით 2008 წელს და კვლავ 2023 წლის მარტში.
საქართველო უძლიერესია, როდესაც მისი ხალხი ერთიანია და გაერთიანებულია ამ ქვეყნის მომავლის ხედვით. დღეს, როდესაც ევროპული ინტეგრაციის მიზანი იმდენად ახლოსაა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით და დავამარცხოთ რუსეთის შიშის კამპანია, წარმატების მიღწევაში საქართველოს დახმარების გადაწყვეტილების ერთგულების მესიჯით. საქართველო უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი, დგას რთული გადაწყვეტილებების წინაშე მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, მისი ისტორიიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად აგრესორის წინააღმდეგ, რათა კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადოთ, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები არ შეიძლება ძალით იქნას დაპყრობილი.
სასწორზე ძალიან ბევრი რამე დევს იმისთვის, რომ შიშს უფლება მივცეთ, გაგვხლიჩოს. ჩვენ ყველა უნდა მივყვეთ საქართველოს დევიზს: „ძალა ერთობაშია“ და ვიყოთ ერთიანები და ძლიერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.