პუტინის გეგმა, შეექმნა იმპერია, დაიწყო საქართველოში 2008 წელს - ელჩი დეგნანი

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ პუტინის გეგმა, შეექმნა იმპერია, დაიწყო საქართველოში 2008 წელს. საქართველო დაზარალდა და კვლავ ზარალდება რუსეთის აგრესიისგან, რომელიც გამოვლინდა 2008 წლის ომსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციაში, საქართველოს მოქალაქეების დაკავებასა და მათზე ძალადობაში „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ, ასევე, რუსეთის უარში, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ელჩის თქმით, 15 წლის წინ, დასავლურმა საზოგადოებამ ვერ დაინახა, რომ 2008 წლის ომი იყო ნიშანი მოკლე ეპოქის დასასრულისა, რომელიც დაიწყო გორბაჩოვის „პერესტროიკით“ და დასრულდა აგრესიული, რევანშისტული რუსეთის დაბრუნებით.

„ჩვენ ძალიან გვსურდა, დაგვეჯერებინა, რომ რუსეთი შეიცვალა, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ კრემლის აგრესია მისი მეზობლების მიმართ, არის ხანგრძლივი, ისტორიული მოდელის ნაწილი. რუსეთის შეჭრა უკრაინასა და საქართველოში 21-ე საუკუნეში, მოჰყვა მის თავდასხმებს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში. ეს თავდასხმები არის რუსეთის სისტემური ძალისხმევის ნაწილი, ძირი გამოუთხაროს მის მეზობლებს.

დღეს კითხვა იმაში მდგომარეობს, შეუძლია თუ არა რუსეთს, შეიცვალოს. დაახლოებით, 250 წლის განმავლობაში კრემლი ცდილობდა საქართველოსა და უკრაინაზე, მათ ენაზე, რელიგიაზე, კულტურასა და ეროვნულ იდენტობაზე დომინირებას. კრემლმა არაერთხელ გამოავლინა, რომ ის არ დაუშვებს დამოუკიდებლობას ან დემოკრატიას, რომ ის გამოიყენებს მრავალფეროვან ხელსაწყოს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კიბერ და საინფორმაციოს, რათა გახლიჩოს ქვეყნები შიგნიდან და მოაშოროს ისინი თავის პარტნიორებს, ამგვარად დატოვოს რა ისინი იზოლირებული, არაკონცენტრირებული და ადვილად სამართავი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.