აშშ-ის ვიზას იღებს ყველა, ვინც გაივლის ყველა საჭირო ნაბიჯს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს - ელჩი დეგნანი

აშშ-ში გასამგზავრებლად, პირველ რიგში უნდა წარადგინო განაცხადი ვიზის მისაღებად, ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს ვებგვერდზე გარკვევით არის გაწერილი და ათასობით ქართველი, რომელიც ამ ნაბიჯებს გაივლის, იღებს ვიზას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ ვერ მიიღო ანსამბლმა „მართვემ“ აშშ-ის ვიზა.

„ეს არ არის რთული პროცესი. ამას შესაძლოა, დრო დასჭირდეს და საჭიროა წინასწარ დაგეგმვა, რადგან აშშ-ში გამგზავრების სურვილი უამრავ ადამიანს აქვს და უნდა დავგეგმოთ შეხვედრები. ჩვენ ყოველ წელს, ათასობით ქართველს ვიღებთ. მომავალ კვირას, აშშ-ში იქნებიან მოცეკვავეებისა და მომღერლების ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ ადამიანებს გაცვლითი კულტურული და სხვა პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესმენებს.

თუკი ადამიანები გაივლიან ყველა ნაბიჯს და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მიიღებენ ვიზას, მაგრამ პირველ რიგში, განაცხადი უნდა შეიტანოთ და უნდა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს“, - აღნიშნა ელჩმა.