სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის სასჯელს - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე მიუძღვის ბრალი, რის გამოც იხდის სასჯელს.

„მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის სასჯელს იხდის არა საპატიმროში, არამედ კლინიკაში. არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარსვლები აქვს ჩაფიქრებული. თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის. ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება შიდა დაპირისპირება. ეს აშკარაა, ვხედავთ ტელევიზიებში ერთმანეთის მიმართ რა განცხადებებს აკეთებენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და იხდის სასჯელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ამზადებს.


ეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.