"რუსეთი, აღსრულების ეტაპზე, უარს აღარ აცხადებს და მზადაა ჩაერთოს კომპენსაციის გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში, ბუნებრივია, ევროპის საბჭოს შუამავლობით", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„უარის პოზიციიდან გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. რუსეთი, აღსრულების ეტაპზე, უარს აღარ აცხადებს და მზადაა ჩაერთოს გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში, ბუნებრივია, ევროპის საბჭოს შუამავლობით.
შესაძლოა, ამაზე იმოქმედა 21 იანვრის გადაწყვეტილებამ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს. ჩვენ შევძელით ის, რომ მინისტრთა კომიტეტთან აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთი დათანხმდა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს, რაც მცირე წინსვლაა, თუმცა, დინამიკაში კარგია“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.