საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი სამართალდამრღვევად ცნეს, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.
„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დააკავეს 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნეს სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ამ საქმეების ნაწილის განხილვა კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, მათგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულია პატიმრობა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი.
„დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე (23:45 სთ) რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი, აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების მიზნით გახსნილი ჰქონდათ ალტერნატიული გზები და ეტაპობრივად პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე ხმის გამაძლიერებელი სპეციალური ტექნიკით მუდმივად ხდებოდა აქციის მონაწილეების გაფრთხილება, რათა შეეწყვიტათ ძალადობა და დაშლილიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა აგრძელებდა აგრესიულ მოქმედებებს, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და მსხვრევად საგნებს, ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ტროტუარებზე განთავსებული სკამები.
აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მარჯვენა სანაპირო, შეკრების და მანიფესტაციის ადგილიდან მოშორებით ხელოვნურად შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა. მთელი ღამის განმავლონაში არღვევდნენ მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს, ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.