მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან გასულია.

„დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად , ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.