დავით ზალკანიანი: დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წამოწევა ჩვენი ეფექტიანი საქმიანობის შედეგია

"დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წამოწევა ჩვენი ეფექტიანი საქმიანობის შედეგია", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასავლელი პარტნიორების მხრიდან მუდმივად ხდება რუსეთის ფედერაციასთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევა.

ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო გზავნილები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან, ასევე - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გზავნილები და რა თქმა უნდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადება მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზე, როდესაც ძირითად თემატიკაში ახსენა საქართველო და საქართველოს ოკუპაცია.

ეს არის იმ ეფექტიანი კომუნიკაციის და საქმიანობის შედეგი, რომელსაც ჩვენი დიპლომატიური სამსახური ახორციელებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კომუნიკაციის შედეგებს, რადგანაც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესის შეუქცევადობის მიზნით ყველა საერთაშორისო ფორმატში და მათ შორის, ჩვენი პარტნიორების რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში მუდმივად იყოს ხაზგასმა უკანონო ქმედებეზე მიუღებლობასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს", - განაცხადა ზალკანიანმა.