ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ, - არასამთავრობო ორგანიზაციები ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან.
არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა.
ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:
აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
უფლებები საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.