თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები.

მთავარი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმებაა, ასევე ორგანიზატორების განცხადებით, მოთხოვნებს შორისაა დღეს ყვარელში დაკავებული 16 ადამიანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.


19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.