„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში", - თბილისის მერი, კახა კალაძე კალაძე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია.
„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.