„ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა, რუსეთის მხრიდან წამოსულ საფრთხეზე და ოპოზიციონერის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციების ტალღაზე ისაუბრა.
შაჰინი ამბობს, რომ მას სწამს, რუსეთისადმი მიდგომა ვაშინგტონში კვლავ ორპარტიული დარჩება. ის ფიქრობს, რომ ორივე პარტიაში ესმით, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, დასავლეთს საფრთეს უქმნის - „ჩვენ არ დავუშვებთ ამ ქმედებების გაგრძელებას, ნათლად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ“, - ამბობს სენატორი.
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ დრო, როცა ვაშინგტონი პუტინის ქმედებებზე თვალს ხუჭავდა დასრულდა. სენატორი აღნიშნავს, რომ კონგრესში უკვე წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ნავალნის მოწამვლაში ეჭვმიტანილ პირებს სანქციებს დაუწესებს.
„ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება პუტინის ქმედებების მიმართ", - აღნიშნავს სენატორი და დასძენს, რომ ეს სანქციები, მოქმედების ერთ-ერთი გზაა".
სენატორის თქმით, მან ჯერ არ იცის, დაუწესებს თუ არა ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან საქნქციების დაწესებაზე აქცენტი საკმაოდ ხშირად კეთდებოდა.