საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა შვიდი პირი, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, პასუხისგებაში შვიდი პირი მიეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი.
გამოძიების ამ ეტაპზე, ზიანის დაფარვის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 000 ლარი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.