რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს - ვოლსკი

რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის მიერ ყვარლის ტბასთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ამორალური საქციელი და მიმართულია იმ გეგმის განვითარებისკენ, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის, დაპირისპირების ორგანიზება საქართველოში. რუსეთის ფედერაციისთვის დღეს სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც რასაკვირველია, საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის. ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამოვდივართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის, თანამოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის ის, რაც აუცილებელია მათთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.


ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.