რა ცნობები ვრცელდება ბელგოროდიდან

ბელგოროდში, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს. ამის შესახებ ცნობებს უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კვამლის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ გამოაქვეყნა.

  • ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე გავრცელებული ცნობებით, 22 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.

რუსული „ტელეგრამ“ არხი „რიბარი“ თვის მხრივ, იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არამხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.


ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონოვსკის ოლქში გადავიდა უკრაინელთა „საბოტაჟის ჯგუფი", რომელიც რუსეთის ძალებმა მოიგერიეს.

პარალელურად, უკრაინული მედიასაშუალება, Hromadske ციტირებს უკრაინის სამხედრო დაზვერვას, რომ თავდასხმა განახორციელეს რუსეთის ორმა შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა (RVC), რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებულნი. ამ ცნობას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ტელეგრამ არხი Baza აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც თითქოს აჩვენებს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ უკრაინულ დაჯავშნილ მანქანას.

გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საგანგებო რეჟიმი აამოქმედა, რითიც ხელისუფლებას საშუალება მიეცა, შეეზღუდა მოძრაობა და კომუნიკაციები.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზდიენტი ვლადიმირ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.


ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ გრძელდება "კონტრტერორისტული ოპერაცია". გუბერნატორის ინფორმაციით, ევაკუაციისას გარდაიცვალა ქალი, რომლის სიკვდილის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. გლადკოვის ცნობით, დასახლებულ პუნქტებში, სადაც „მოწინააღმდეგე შევიდა“, დაჭრილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე.


უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო. მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე, „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს.

გრაივორონსკის რაიონზე შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები საკუთარ თავს პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს უწოდებენ. 22 მაისს განაცხადეს, რომ „გაათავისუფლეს“ ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

22 მაისს, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რომ რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.