დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუნიციპალირი ტრანსპორტის ამოქმედება კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკფაქტორია.
მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების გამო არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ვირუსი დავამარცხეთ.
"შეზღუდვების შემსუბუქება ხდება იმიტომ, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ყველა ინდიკატორი – ახალი შემთხვევები 100 ათას მოსახლეზე, სიკვდილიანობა, დადებითობის მაჩვენებელი.
შეზღუდვების ყველანაირი შემსუბუქება ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია და კიდევ მეტი რისკფაქტორია ისეთი შემსუბუქება, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მობილობის ფაქტორი, მაგრამ, თუ ვიცავთ ყველა პირობას და რეგულაციას, პირველ რიგში, ვატარებთ პირბადეს, რისკფაქტორი მნიშვნელოვნად მცირდება.
არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, აღარ არის და იმიტომ შევამსუბუქეთ შეზღუდვები. შემსუბუქების პარალელურად, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები. ინფექცია არსად გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს. სტატისტიკა ყოველდღიურად მერყეობს 400-600 შემთხვევას შორის. ეს 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია. თუ ყველა რეგულაცია იქნება დაცული, ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსნეებთ, რომ დღეიდან ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა. 15 თებერვლიდან გაიხსნება სკოლები, საბავშვო ბაღები და ღია სივრცეში კვების ობიექტები.