„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას“, - ამის შესახებ ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როდის გაიხსნება სპორტ დარბაზები.
„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას. ალბათ ორი კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია, რაც გუშინწინ მოხდა, მე ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამაინებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ის, რომ ქვეყანა წარმატებით მართავს კოვიდპანდემიას, რამე არ მოიმოქმედონ, რაც აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მან „დაუმორჩილებლობის აქციაზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მიზანი, როგორც ჩანს, ეპიდსიტუაციის გამწვავება იყო. თენგიზ ცერცვაძის თქმით, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებს ქვეყანაში პანდემიის დასრულება არ აინტერესებთ და პირიქით, აღიზიანებთ, რომ პანდემია დაძლევისკენ მიდის.
„როგორც ცეცხლთან, ისე არ შეიძლება პანდემიასთან თამაში, ვიწრო პარტიული ამბიციების გავლენების ქვეშ. აქ ყველა უნდა ვიყოთ პრინციპული, თანმიმდევრულ და უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც საჭიროა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 კი გამოჯანმრთელდა. დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.