ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა. ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
„საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მკაცრად ჰუმანიტარული ხასიათისაა. მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაგრძელდეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 122 ადამიანის მოძიება. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და მდგრადი გახდეს, მხარეთა მეტი ჩართულობა მოძიებისა და ამოცნობის პროცესებსა და ოჯახების მხარდაჭერაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა კარინა სველფენტმა, ICRC-ის კოორდინატორმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში, რომელიც თავმჯდომარეობდა შეხვედრას.
წითელი ჯვრის საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოსური მედიაც ავრცელებს. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ინალ ტასოევმა განაცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაში მონაწილე მხარეების მიერ (მათ შორის „საზღვრისპირა" სოფლებში) ანონიმური ყუთების დამონტაჟების საჭიროება მნიშვნელოვანია. ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი ყუთები უკვე განთავსდა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ამ ყუთებში ანონიმური წერილები განათავსონ დაკარგულების ადგილსამყოფლის შესახებ. მსგავსი ყუთების დადგმა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებშიც იგეგმება.
„ამ კუთხით მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გაატარონ პოტენციურ მოწმეებთან და თვითმხილველებთან დასაკავშირებლად, ასევე ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროებთან მუშაობისთვის", - განაცხადა ინალ ტასოევმა.
საქართველოში 1990იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2300 პირი ითვლება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკოორდინაციო მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გაუჩინარებულთა სამარხების აღმოჩენა, მათი იდენტიფიკაცია და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემაა.
საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს, 2010 წელს დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით, როგორც ჰუმანიტარული პლატფორმა მხარეებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცნობით, შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2022 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდგომ საქმიანობას. დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა ინფორმაციის მოძიების საჭიროება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრის დასადგენად და შესაძლო სამარხების მოსაძიებლად.