თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ფართები ჯამში 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება იყო, რომელშიც ხანგრძლივად ფაქტობრივი მფლობელები ცხოვრობდნენ. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები 2 663 ოჯახს დაუკანონდა. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს.
ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე. ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. ამისთვის საჭიროა, მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას და ფართების დაკანონებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.