საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან.
„ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ.
საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტებმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს. ამ მიზნით, პარტია „ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე, სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.