სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტები გამოავლინეს - საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, გულგრილობისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, პასუხიგებაში ოთხი პირი მიეცა, რომელთაგან დაკავებულ იქნა ერთი მეწარმე სუბიექტი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-სა და კახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აფინანსებდა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენას, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 000 ლარის ოდენობით.

„ბრალდებულმა - კოოპერატივის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სხვა კომპანიის ხელმძღვანელების გულგრილობის შედეგად, გამოიყენა აღნიშნული კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით, მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე.

შემდგომ, ბრალდებულმა აღნიშნული ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, რა გზითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანადაფინანსების თანხას - 500 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 2201 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.