ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან, ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. როგორც საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან შეხვედრის შემდეგ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოში ინვესტირება. მათი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა.

"მხარეები მიმდინარე წელს თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის ჩატარების თობაზე შეთანხმდნენ.

ასევე, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლებისგან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.