მნიშვნელოვანია, ინვესტიციების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში - გაბუნია

საყოველთაო ჯანდაცვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების განხორციელებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ასევე მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ „უნივერსალური ჯანდაცვა 2023-ის“ გარშემო გაერთიანებული ქვეყნების წარმომადგენლები და პლატფორმის მთავარ მიზანზე - ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.

„საქართველო, ასამბლეის ფარგლებში გამართული ამ შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იყო. თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას, საყოველთაო პროგრამის წარმატებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტის საბოლოო მიზანია, ჯანდაცვის მაქსიმალურად ეფექტური სისტემის შექმნა.

ასევე - ქვეყანაში, შესაბამისი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. როგორც თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანის ფუნდამენტური - ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გარეშე, ქვეყნისთვის, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველო, ამ მიმართულებით, რეფორმებს აქტიურად ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.