სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, ველით, რომ NATO-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლისაც ალიანსში სჯერათ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ველით, რომ NATO-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუმარტივებენ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

  • NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაწყებულა და სულ მცირე, 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაიწყო და ცივი ომის შემდეგ, რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების იმედი გაქარწყლდა.

„რუსეთს გავლენის სფეროების ხელახლა აღდგენა სურდა, რომ მეზობლები გაეკონტროლებინა. რა თქმა უნდა, ეს ის სამყარო არ არის, სადაც ჩვენ გვსურს ცხოვრება, ვინაიდან NATO-ს მეზობლებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ვარშავის პაქტის წევრებს არ ექნებოდათ დამოუკიდებლობა, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.