ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს, მოაწერა. 33 წლის „მინისტრის" გადაყენების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას.


ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ინიცირებული „აგენტების კანონის" აქტიური მხარდამჭერია.