EBRD-ის პრეზიდენტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტმა შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს

მისი თქმით, ამ კანონპროექტის დაბრუნება გასაკვირი იყო და შეშფოთებულები არიან იმით, რაც ხდება.


ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო.

„მაგრამ ამ (კანონპროექტის) ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ,“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.