ანკარაში საქართველოს პირველი წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა.
„საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში. 100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ, გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად დანიშნულმა სიმონ მდივანმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს.
ეს მოვლენა იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ საქართველოს წარმომადგენელი იყო პირველი უცხოელი ელჩი, რომელსაც წილად ხვდა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის პატივი“, - წერს ელჩი და პოსტს ურთავს იმ პერიოდში, ანკარაში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის, გაზეთის ,,Philadelphia Public Ledger“ კორესპონდენტის, კლარენს სტრეიტის მიერ გადაღებულ სიმონ მდივანის ფოტოსურათს, რომელსაც საზოგადოება პირველად იხილავს.
„და ბოლოს, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალზედ მეამაყება, რომ ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წლის თავზე, მაქვს პატივი, ვიყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი“, - წერს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა.